მთავარი დეტალები
Hyperlane არის ღია, საჯარო პროტოკოლი, რომელიც დეველოპერებს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინთან დაკავშირების შესაძლებლობას. მისი საშუალებით შესაძლებელია მონაცემების, ტოკენების და სმარტ კონტრაქტების შეტყობინებების გაგზავნა სხვადასხვა ქსელს შორის, ცენტრალური მართვის რგოლის საჭიროების გარეშე.
ბლოკჩეინებს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის მოდულების (ISM-ების) გამოყენებით, დეველოპერებს შეუძლიათ Hyperlane-ის უსაფრთხოების სისტემის საკუთარ აპლიკაციებში ინტეგრირება. შესაძლებელია სისტემის როგორც ნაგულისხმევი, ასევე სრულად კონფიგურირებული პარამეტრების არჩევა.
Hyperlane მოიცავს ტოკენის ხიდებს, სახელწოდებით Warp Route-ებს, რომელთაც აქვს სხვადასხვა ტიპის ტოკენის და გადარიცხვის მეთოდის მხარდაჭერა. შესაძლებელია თითოეული ხიდის ინდივიდუალური პარამეტრებით კონფიგურაცია, რაც დეველოპერებს აძლევს აქტივების ბლოკჩეინებს შორის გადატანის პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას.
შესავალი
ბლოკჩეინების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მათ შორის კომუნიკაციის საკითხის აქტუალურობა. Hyperlane წარმოადგენს პროექტს, რომლის მიზანია აღნიშნული პრობლემის გადაჭრა და ბლოკჩეინებს შორის კავშირის დამყარების და ინფორმაციის გაზიარების გამარტივება — ცენტრალური მართვის რგოლის ან შუამავლის საჭიროების გარეშე.
Hyperlane გამოიყენება მონაცემების და ტოკენების გაგზავნისთვის და მისი წყალობით კროს-ჩეინ კომუნიკაცია უფრო მარტივი, სწრაფი და მოქნილია.
როგორ მუშაობს Hyperlane?
Hyperlane არის ურთიერთთავსებადობის პროტოკოლი — სისტემა, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის კომუნიკაციაში. Hyperlane დეველოპერებს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის შეტყობინებების გაგზავნის, აქტივების გადატანის ან სმარტ კონტრაქტების გაშვების შესაძლებლობას.
Hyperlane-ის გამორჩეული მახასიათებელია მასთან დაკავშირების ნებართვის საჭიროების არარსებობა და მისი მოდულური დიზაინი. მისი გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ბლოკჩეინზე (პირველი დონის ბლოკჩეინზე, როლაფზე ან აპ-ჩეინზე) და იძლევა უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაციის და თქვენს აპლიკაციაში მარტივად ინტეგრაციის საშუალებას. არავითარი წვდომის კონტროლი. არავითარი ნებართვის საჭიროება.
Hyperlane-ის ძირითადი მახასიათებლები
1. ნებართვის საჭიროების არარსებობა
Hyperlane-ის გამოყენებისთვის არ გჭირდებათ ნებართვის მიღება. დეველოპერებს შეუძლიათ მისი ნებისმიერ ბლოკჩეინზე გაშვება და კროს-ჩეინ აპლიკაციების მარტივად შექმნა.
2. ბლოკჩეინებს შორის შეტყობინებების გაგზავნა (Mailbox)
Hyperlane დეველოპერებს აძლევს ბლოკჩეინებს შორის ნებისმიერი სახის მონაცემების გაგზავნის შესაძლებლობას — დაწყებული ტოკენებით და დამთავრებული ფუნქციების გამოძახების ბრძანებებით. ეს შეტყობინებები მუშავდება სმარტ კონტრაქტის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება Mailbox, რომელიც გაშვებული უნდა იყოს თითოეულ მხარდაჭერილ ბლოკჩეინზე. ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მიღებული და გაგზავნილი შეტყობინებების განყოფილებების მქონე საფოსტო ყუთი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Mailbox წარმოადგენს მთავარ ჰაბს, რომლის მეშვეობითაც ხდება ბლოკჩეინებს შორის შეტყობინებების მიმოცვლა. ის არის ინტერფეისი, რომელსაც დეველოპერები იყენებენ Hyperlane ქსელთან დასაკავშირებლად.
შეტყობინების გაგზავნის დროს, ის გაივლის გამგზავნ ბლოკჩეინზე არსებულ Mailbox-ს, შემოწმდება მიმღები ბლოკჩეინის უსაფრთხოების მოდულის მეშვეობით და შემდეგ მუშავდება მიმღები მოწყობილობის მიერ.
3. მოდულური უსაფრთხოება ISM-ების მეშვეობით
Hyperlane თქვენი აპლიკაციის უზრუნველყოფისთვის მხოლოდ ერთი მეთოდით არ შემოიფარგლება. ის იყენებს ბლოკჩეინებს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის მოდულებს (ISM-ებს) — სამშენებლო ბლოკებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ (ან შექმნათ) კროს-ჩეინ შეტყობინებების ვერიფიკაციის სასურველი მეთოდი.
ISM-ები უსაფრთხოების ფილტრების ანალოგიური პრინციპით მუშაობს, რომელთა მეშვეობით მოწმდება შეტყობინების გამომგზავნი ბლოკჩეინის ავთენტურობა. ისინი წარმოადგენს Hyperlane-ის დიზაინის ძირითად, სრულად კონფიგურირებად კომპონენტებს.
დეველოპერებს შეუძლიათ აირჩიონ ISM-ების პარამეტრების ერთ-ერთი ვარიანტი:
ნაგულისხმევი: გამოიყენონ Mailbox-ში ინტეგრირებული ISM ნაგულისხმევი პარამეტრებით.
კონფიგურირებული: აიღონ წინასწარ მომზადებული ISM და სურვილისამებრ შეცვალონ მისი პარამეტრები.
კომპოზიტური: გააერთიანონ რამდენიმე ISM და შექმნან მრავალდონიანი უსაფრთხოების მოდელი.
პერსონალიზებული: ნულიდან შექმნან საკუთარი, უნიკალური დიზაინის მქონე ISM.
მაგალითად, თუ თქვენ ქმნით მაღალი მნიშვნელობის აპლიკაციას (მაგალითად მმართველობის პლატფორმას), თქვენ დაგჭირდებათ უფრო ძლიერი უსაფრთხოება — ამას შეიძლება დასჭირდეს მეტი გაზის საკომისიო ან მეტი დრო. უფრო მარტივი აპლიკაციებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო სწრაფად შესაქმნელი და იაფფასიანი ISM-ები.
4. სხვადასხვა ბლოკჩეინის და ვირტუალური კომპიუტერების მხარდაჭერა
Hyperlane-ს აქვს უამრავი სხვადასხვა ვირტუალური კომპიუტერის მხარდაჭერა, როგორიცაა, EVM (გამოიყენება Ethereum ქსელში), SVM (გამოიყენება Solana ქსელში) და CosmWasm. მას ასევე აქვს ამ ვირტუალურ კომპიუტერებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერა, მაგალითად შესაძლებელია აქტივების გაგზავნა EVM ქსელიდან SVM ქსელზე.
5. ტოკენების კროს-ჩეინ გადარიცხვები (Warp Route-ები)
გსურთ ტოკენების ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე გადატანას? Hyperlane გთავაზობთ Warp Route-ებს — მოდულურ ხიდებს, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს აქტივების, მაგალითად ETH-ის, ERC-20 ტოკენების, NFT-ების ან სულაც ბლოკჩეინების ადგილობრივი ტოკენების სხვა ქსელებზე გადატანის შესაძლებლობას.
ქვემოთ მოცემულია Warp Route-ების გამოყენების რამდენიმე ვარიანტი:
Collateral to Synthetic: ორიგინალი ტოკენის გამომგზავნ ბლოკჩეინზე დაბლოკვა და მიმღებ ბლოკჩეინზე მისი „შეფუთული“ ვერსიის დამზადება.
Native to Synthetic: ადგილობრივი ტოკენის (მაგალითად ETH-ის) დაბლოკვა და მიმღებ ბლოკჩეინზე სინთეზური ტოკენის დამზადება.
Native to Collateral: ადგილობრივი ტოკენის დაბლოკვა და მიმღებ ბლოკჩეინზე სხვა უზრუნველყოფის ტოკენის განბლოკვა.
ISM-ების გამოყენებით შეიძლება შეიქმნას ინდივიდუალური კონფიგურაციის მქონე Warp Route-ები, რაც დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს აირჩიონ ნდობის ან ვერიფიკაციის საჭირო დონე.
HYPER ტოკენი
HYPER ტოკენი წარმოადგენს Hyperlane ეკოსისტემის ადგილობრივ ვალუტას. მისი დანიშნულებაა წამახალისებელი ჯილდოების გაცემა, საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება და უსაფრთხო კროს-ჩეინ-ოპერაციების მხარდაჭერა. მონაწილეებს და ვალიდატორებს შეუძლიათ საკუთარი HYPER ტოკენი განათავსონ სტეიკინგზე და მიიღონ ჯილდოები მათ მიერ დაბლოკილი ტოკენების რაოდენობის შესაბამისად.
HYPER-ის სტეიკინგი წარმოადგენს პროტოკოლის მიერ შეტყობინებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს. ვალიდატორების შერჩევა ნაწილობრივ დაფუძნებულია მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული HYPER-ის რაოდენობაზე. ამით მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის ვერიფიკაციის მხარდაჭერაზე.
Hyperlane GoPlus Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამაში
2025 წლის 22 აპრილს, Binance განაცხადა, რომ HYPER იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-15 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 14-დან 17 აპრილამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა სულ 20 მილიონი HYPER ტოკენი, რაც შეადგენს ამ ტოკენის მთლიანი მარაგის 2,49%-ს.
ამის შემდეგ განხორციელდა HYPER-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Hyperlane გვთავაზობს აპლიკაციების შექმნის მოქნილ და გამჭვირვალე მეთოდს, რომელთა გაშვება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბლოკჩეინზე. ის საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ მისი გამოყენების დასაწყებად დეველოპერებს არ ესაჭიროებათ ნებართვის მიღება. ის არის მოდულური, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თქვენი აპლიკაციისთვის საჭირო უსაფრთხოების დონე. მისი მახასიათებლები, როგორიცაა Warp Route, იძლევა კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული სისტემების მარტივად შექმნის შესაძლებლობას.
თუმცა აღსანიშნავია, რომ Hyperlane (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კროს-ჩეინ პროტოკოლი) დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და უარყოფით მხარეებთან. თქვენი აპლიკაციის უსაფრთხოება და ეფექტურობა დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ უსაფრთხოების კონფიგურაციაზე, ვალიდატორების ჯგუფზე, გადასატანი აქტივების დამუშავების მეთოდსა და სხვა მრავალ ფაქტორზე. რისკის გაწევამდე აუცილებელია, რომ თავად ჩაატაროთ მოკვლევა და კარგად შეისწავლოთ ეს პროდუქტი.
დამატებითი საკითხავი
ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.